- კულტურათაშორისი სიმბიოზი
- გულისხმობს ვითარებას, როცა თითოეული ურთიერთმოქმედი მხარე ინარჩუნებს საკუთარ სახეს, არ წარმოიშობა ახალი კულტურული თვისებრიობა, მაგრამ კონტაქტში მყოფ კულტურულ რეალობათა შორის ჩნდება სისტემური კავშირი. „გარეშე“ კულტურული რეალობა კონტაქტის მონაწილეთა მიერ ბუნებრივად აღიქმება; ასეთი არსებობის წინააღმდეგობრიობა არ გაიაზრება. სიმბიოზისათვის დამახასიათებელია ურთიერთმიზიდვისა და ურთიერთგანზიდვის წინააღმდეგობრივი შერწყმა. პირველის ძალა საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ შეიქმნას სისტემური კავშირი კონტაქტის მონაწილეებს შორის, ამასთან, თითოეული მხარე მეორეს აღიქვამს როგორც „უცხოს“. ამ უკანასკნელის განზიდვის, მოშორების ხარისხი კი საკმაოდ დიდია, რათა შეიქმნას მკაცრი ზღვარი განსხვავებულ კულტურულ ელემენტთა დაახლოების, შერწყმისა ახალ, კონტაქტში მყოფთაგან განსხვავებულ თვისებრიობად ჩამოყალიბებისათვის.. სიმბიოზში მყოფ ეთნოკულტურულ ელემენტთა თანაფარდობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს: დაწყებული სიტუაციით, როცა უპირატესობა აქვს ავტოქტონურ საწყისს, ხოლო „მოსული“ კულტურის ელემენტები არსებობენ ცნობიერების პერიფერიაზე, დამთავრებული მდგომარეობით, როცა მსოფლმხედველობის ღერძად ფასეულობათა „მოტანილი“ სისტემა გვევლინება.Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.